სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე "ფუდ გალერიდან" აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში;

"გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

"ფუდ გალერიში“ მომხდარს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავენ.

"ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჰქონდა სტაფილოკოკური ინფექცია, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია გარკვეული მომხმარებლების ინტოქსიკაცია.

"ფუდ გალერი“ გულწრფელად უხდის ბოდიშს ყველა დაზარალებულ მომხმარებელს იმ დისკომფორტისა და ჯანმრთელობის პრობლემებისთვის, რაც აღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვია.

კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და დაზარალებული მომხმარებლების მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავს.

ჩვენი საწარმო მუშაობას 2 ივნისიდან განაახლებს და შეკვეთების მიღებაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება", - აცხადებენ "ფუდ გალერიში".